დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საინფორმაციო კამპანიის- „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის „ევროპა დონა საქართველო“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება მოეწყო,
რომლის მიზანს ყველა იმ სახელმწიფო უწყების, ორგანიზაციის, ბისზნესკომპანიისა და მედიასაშუალების მიმართ მადლიერების გამოხატვა წარმოადგენდა, რომელთა თანაგდომითაც ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი გახადა.
საზეიმო ღონისძიება კოალიციის „ევროპა დონა საქართველო“ პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა გახსნა და კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა და სხვა გამომსვლელებმა მიმართეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, 2016 წლის დასაწყისში თბილისის საკრებულომ თბილისის მერიასთან ერთად პირველადი ძუძუს კიბოს 1, 2 და 3 სტადიის პაციენტთათვის თანადაფინანსების პროგრამა აამოქმედა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ მიმართულებას მალევე შეუერთდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც, რამაც რეგიონებში მცხოვრები პაციენტებიც მოიცვა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, 2017 წლის 1 იანვრიდან თბილისის მასშტაბით პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა და ძუძუს კიბოს მეტასტაზური ის პაციენტებიც მოიცვა, რომლებსაც დამიზნებითი თერაპია ესაჭიროებოდათ.
ღონისძიების დასასრულს, თბილისის საკრებულოს, ასევე სხვადასხვა უწყებებსა და კერძო პირებს კამპანიაში „სამიზნე სიცოცხლისთვის“ მხარდაჭერისთვის ძუძუს კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის სამადლობელი სიგელები გადაეცათ.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემელაძე, წარმომადგენლობითი ორგანის წევრები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, არასამთავრობო და ბიზნესკომპანიების ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექიმები, პეციენტები და პოლიტიკოსები ესრწებოდნენ.
2015 წლის 4 თებერვალს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“ აიღო სტარტი და ის ძუძუს კიბოს შესახებ ინფრორმირებულობის გაზრდას და დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას გულისხმობს.
კოალიცია მომავალში მრგვალი მაგიდის მოწყობას გეგმავს, სადაც მონაწილეობას ყველა რგოლის წარმომადგენლები, მათ შორის, პაციენტები, ექიმები და სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ.
თბილისის საკრებულოში საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გამართული ღონისძიება მოეწყო
02/03/2017