თბილისის საერთაშორისო ევროპული სკოლის დაარსება უპრეცედენტო ფლაგმანი პროექტია

10/11/2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელს ლორენს მერედიტსა და ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ლორენს მერედიტსა და პაველ ჰერჩინსკის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის კუთხით საქართველოს მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემა არის ისტორიული გადაწყვეტილება და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, საქართველო აქტიურად აგრძელებს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო განათლების სამივე – ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი – საფეხურისა და მეცნიერების განვითარების ხედვა და გეგმები. საუბარი ასევე შეეხო თბილისის საერთაშორისო ევროპულ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებს.
გიორგი ამილახვარის თქმით, თბილისის საერთაშორისო ევროპული სკოლის დაარსება უპრეცედენტო ფლაგმანი პროექტია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმატებული პარტნიორობის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს. მინისტრმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა პროექტის მიმდინარეობის შესახებ, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, აკადემიური პროცესის მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ის 2024 წლის სექტემბრისთვის დასრულებული იქნება. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს პარტნიორობისთვის, კმაყოფილება გამოხატეს საქართველოსთან არსებული თანამშრომლობით და ყველა სფეროში ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო ევროპული სკოლა – თბილისი“ სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივ უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. საერთაშორისო ევროპული სკოლის მშენებლობა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შენობა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. სკოლის კომპლექსის დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი, საქართველოში სკოლების თანამედროვე დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0