თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20 აპრილიდან ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Transavia დაიწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის, რადგან ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიებისთვის სტრატეგიულ სამიზნე მიმართულებაა. ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.
„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს პოპულარიზაციას, მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, რათა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად და ღირსეულად წარმოვადგინოთ ნიდერლანდებში, შედეგად, პირდაპირი რეისებით მივიღოთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის როგორც საავიაციო, ისე ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაზე“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ავიაციის სექტორების მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება. აღნიშნული შედეგი, პირველ რიგში, აძლიერებს ადგილობრივ მეწარმეებს, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ “Routes EUROPE”-ისა და “Routes World”-ის ფარგლებში აწარმოა, რომელიც წარმატებით დასრულდა. Transavia ნიდერლანდების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.