თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქე თემურ სალაყაია გაამართლა

28/06/2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 27 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თემურ სალაყაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 25 ივლისს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ თემურ სალაყაიას მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თემურ სალაყაიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაია მხოლოდ იმიტომ იყო დაკავებული, რომ მის მიმართ არსებობდა ეჭვი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის თაობაზე. კერძოდ, 2012 წლის 02 ივნისს, თემურ სალაყაია თავის მეუღლესთან ერთად ავტომანქანით საკუთარი სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამსახურიდან გამოიძახეს და ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა სთხოვეს. ადგილზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და შსს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი მოქმედებით მოხდა თემურ სალაყაიას დაკავების ინსცენირება, იმ საფუძვლით, რომ თითქოს მან უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. დაკავებული თემურ სალაყაია გადაიყვანეს შსს ძველი თბილისის განყოფილებაში, სადაც მას სთხოვდნენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობის აღიარებას, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა. 2012 წლის 04 ივნისს, მას წარედგინა ცრუ ბრალდება ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საპატიმროდან მისი გათავისუფლება მხოლოდ 2012 წლის 05 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლადგამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 24 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 9 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0