თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალბატონი დეპუტატები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს – USAID-ის პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული პროექტი ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს – USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში განხორციელდა და მასში 3000-მდე ადამიანი იყო ჩართული.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალბატონმა დეპუტატებმა პროექტის აქტიური მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის რამდენიმე ბენეფიციარი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დააჯილდოვა. მან პროექტის აქტუალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია დაბაში, თემში, რაიონებში ქალთა გაძლიერება და მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს, მისი თქმით, სადაც ქალი არის ძლიერი, ის საზოგადოება არის უფრო ლიბერალური და დემოკრატიული, ამიტომაც მსგავსი პროექტები საბოლოო ჯამში ქვეყნის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი იყო ფოტოგამოფენა, რომელიც პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს ასახავდა. პროექტის საზეიმო დახურვას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, რიმა ბერაძე, ია მაკასარაშვილი, გულიკო ზუმბაძე, ქეთევან ჯოხაძე, თამარ ტალიაშვილი, ნინო გოგუაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები გენდერული თანასწორობის საკითხზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
22/01/2016