საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია მასზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმ ძირითადი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც, გარკვეული შენიშვნები არსებობს. კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დარგის ექსპერტებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს და მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შესრულებადი და ხარისხიანი დოკუმენტის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.
„კარგია, რომ დღევანდელი განხილვა პოლიტიკური განცხადებების გარეშე შედგა. ასევე, კარგია, რომ ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირება შევძელით. დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეკითხვების დასმა შეძლეს, რაზეც გენგეგმის ჯგუფმა პასუხები გასცა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქალაქს სრულყოფილი და შესრულებადი გენერალური გეგმა ჰქონდეს. მისასალმებელი და ძალიან კარგია, რომ გენგეგმის ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, ამ თემაზე მუშაობა განაგრძოს. უახლოეს დღეებში კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას შეგატყობინებთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეებისა და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
„დოკუმენტის მიღებით საქმის კეთება იწყება. ამიტომ, ის სრულყოფილი და რა თქმა უნდა, შესრულებადი უნდა იყოს. ის ასევე, არ უნდა ლახავდეს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტს სრულყოფა სჭირდება, რაზეც დღესაც ვისაუბრეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ქალაქს გენერალური გეგმა ჰქონდეს“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არქიტექტორები, ურბანისტები და ტრანსპორტის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.