თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 105 წლის ნინა კილოსანიძეს ახალი წელი მიულოცა. თბილისის მერთან ერთად კილოსანიძის ოჯახში მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდნენ.
105 წლის ნინა კილოსანიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და დამსახურებული ექიმია, იყო პირველ კლინიკურ საავადმყოფოსთან არსებული ლაბორატორიის გამგე, მუშაობდა ხანდაზმულობის ასაკამდე.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია 100 წელს გადაცილებულ ადამიანებზე განსაკუთრებით ზრუნავს .
„ჩვენ 100 წელს გადაცილებულ ადამიანებზე განსაკუთრებით ვზრუნავთ, იმიტომ რომ მათ ჩვენი განსაკუთრებული მზრუნველობა და მოფერება სჭირდებათ . უნდა დავაფასოთ ისინი, უნდა დავაფასოთ მათი ღვაწლი და მათი გავლილი წლები. ყოველთვის სასიხარულოა ამ ასაკის ადამიანებთან შეხვედრა და გასაუბრება. განსაკუთრებული პატივია, როცა ამ ასაკის ადამიანებს ვულოცავთ ახალ წელს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ხანდაზმულთა პატივისცემის, მათზე ზრუნვისა და თანადგომის მიზნით, თბილისის მერია 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადამიანებს , რომლებსაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ, 1000 ლარით ასაჩუქრებს.