თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში განახლებული საფეხბურთო მოედანი გახსნა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი ხარისხის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. თბილისის მერმა ფეხბურთის ფედერაციას ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალში დედაქალაქის მერიაც გეგმავს.
„ეს არის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება ჩვენს ქალაქში. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სპორტის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას. ვიცით ყველამ, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი პოპულარული სპორტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ბევრი მსგავსი პროექტის განხორციელება, რომ რაც შეიძლება ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გვყავდეს. ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქრთველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ წლევანდელი წელი გამოვაცხადეთ ინფრასტრუქტურული პროექტების წლად. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ ბავშვთა ფეხბურთის მიზნობრივი დაფინანსება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი კომპონენტი იქნება ბავშვთა ფეხბურთისთვის ის მომავალი, რომელიც ყველა ჩვენგანს გვსურს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
განახლებული მოედნით 200-მდე ნორჩი ფეხბურთელი ისარგებლებს. თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში განახლებული საფეხბურთო მოედანის გახსნაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც იმყოფებოდა.