თბილისის მერი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

24/04/2023

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სარეაბილიტაციო არეალი „დინამო არენადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კონკრეტულ მონაკვეთებზე კი ასფალტია ჩავარდნილი. რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარი. ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების გამოყოფა. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. მესმის, რომ არსებობს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. შექმნილი დისკომფორტისთვის, პირველ რიგში, გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ არის ხმაური და კომპანიებს ღამის საათებში უწევთ მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თავისი გამწვანებით, კეთილმოწყობის სამუშაოებით და ა.შ. სრულად მომავალი წლის იანვარში დასრულდება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გაცილებით ადრე მორჩება. 12 ადგილია, სადაც სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამ დროისთვის, გამზირზე პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, დაწყებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, რაც წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების ქსელების შეცვლას და სანიაღვრე ქსელის მოწყობას გულისხმობს. ხიდსა და გამზირზე არსებული ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება. ასევე, მოეწყობა მიწისქვეშა ნაგავშემკრები ურნები. კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, საგზაო სამუშაოები დაიწყება. კერძოდ, მოეწყობა ტროტუარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED სანათები; გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლი; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ამასთან, მიმდინარეობს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის სრული რეაბილიტაცია, რომელიც პირვანდელი სახით აღდგება და განახლდება. ხიდის რეაბილიტაცია ოქტომბერში, ხოლო წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება. შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, რომლის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარს შეადგენს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, დიდუბის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0