თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ დანერგვის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ასევე, გერმანულ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და აღდგენის მიმართულებებს შეეხო. დედაქალაქის მერმა გერმანიის ელჩს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი სხვა პროექტებიც გააცნო. როგორც კახა კალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარება თბილისის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ პროცესში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებს. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. მერის მოადგილე მაია ბითაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თბილისში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გერმანულ მხარესთან წარმატებულ თანამშრომლობას. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიის „ჭკვიანი შუქნიშნების“ დანერგვის პროექტი გერმანული მთავრობის მიერ მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაიწყება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებაში.
თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა საქართველოში ტრანსპორტის განვითარებისა და კულტურის მიმართულებით, სხვა პროექტებში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ასევე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, დანიელ ჰაასი ესწრებოდა.