თბილისის მერი მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო

08/04/2021

თბილისის მერი კახა კალაძე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ დაიწყო, ხოლო მისი გააქტიურების პირველივე დღეებიდან, თბილისის მერიამ, სპეციალისტებთან ერთად, საპრევენციო ღონისძიებები მყისიერად დაგეგმა.

„პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ათეულობით წლების. ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება, რათა მომდევნო წლებში აღარ შეიქმნას მსგავსი ვითარება. როდესაც გაირკვა, რომ ფერდზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა და იყო გარკვეული საშიშროება, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ორმხრივად შევზღუდეთ. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ქართველი და უცხოელის სპეციალისტები არიან ჩართულები. მათი რეკომენდაციით დაიწყო პრევენციული ღონისძიებები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავსი შინაარსის განცხადებები მოსახლეობაში პანიკის დათესვას ისახავს მიზნად, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„სიცრუე, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და ემსახურებოდა პანიკის დათესვას, კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება ვიღაცას მე არ მოვწონვარ, შეიძლება დღევანდელი დედაქალაქის მთავრობა არ მოსწონს, მაგრამ ამგვარი განცხადებები აზარალებს და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან. საუბარი იყო იმაზე, თითქოს მუნიციპალიტეტი არასწორად იქცევა და არ ახორციელებს ადამიანების ევაკუაციას. ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა, პირველები ვიქნებოდით ჩვენ, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა და მოსახლეობას გაიყვანდა უსაფრთხო ადგილზე. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება მოატყუოს, შეიყვანოს შეცდომაში და დათესოს პანიკა,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კომპანიას „კავკასუს როუდ პროჯექტი“, რომელიც ამჟამად მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს ახორციელებს, დიდი გამოცდილება გააჩნია.

„ეს არის კომპანია, რომელიც მუშაობდა წყნეთი-ბეთანიას აღდგენით სამუშაოებზე. მე მახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო იმ კონკრეტულ მონაკვეთზე. საუბრობდნენ იმაზეც, რომ იქ შეუძლებელი იქნებოდა გზის დაბრუნება, თუმცა გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, კომპანიის სწორი მუშაობითა და გადაწყვეტილებებით, დღეს გზა ჩვეულებრივ გახსნილია. ასევე შეშელიძის ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც გვაქვს მეწყრული ფერდი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ირგვლივ მაღალსართულიანი კორპუსებია განთავსებული, რომლებსაც ფაქტობრივად საძირკველი ეცლებოდა, ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო. დღეს ყველაფერი მოწესრიგებულია, მიმდინარეობს სამუშაოები და არანაირი საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანიას „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელის პაატა ტრაპაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ვაშლიჯვრის ფერდზე მიღწეულია დროებითი სტაბილურობა და მიმდინარეობს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა.

„ეს არ არის ახალი გამოგონება, ჩვენ ვმოქმედებთ მსოფლიოში გამოცდილი მეთოდით. ამ ეტაპზე მივაღწიეთ დროებით სტაბილურობას, დაწყებულია სრული მოდელირება წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტთან ერთად. პროცესში ჩართულები არიან ჩვენი გერმანელი მეგობრები, ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ ბოლო 5 წლის განმავლობაში,“ – აღნიშნა პაატა ტრაპაიძემ.

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0