თბილისის მერის სარეზერვო ფონდი 700 000 ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს. თბილისის საკრებულოს საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან თევზაიამ საკრებულოს სხდომაზე თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებდა.
სხდომაზე თბილისის მერის სარეზერვო ფონდის 700 000 ლარით გაზრდა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად თბილისის მერის სარეზერვო ფონდი 3,2 მილიონი ლარი გახდება. ნადირაძემ აღნიშნა, რომ დავით ნარმანიას ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე აღნიშნული ფონდის მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
მერის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის არის განკუთვნილი და თუ რა მოცულობას უნდა შეადგენდეს, საბიუჯეტო შეზღუდვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით საბიუჯეტო შეზღუდვა არ არსებობს, რადგან საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მერის სარეზერვო ფონდის ასიგნებები არა უმეტეს 2% უნდა შეადგენდეს, დღევანდელი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს 2% 16 მილიონ ლარს წარმოადგენს. ჩვენ 16 მილიონ ლარამდე სარეზერვო ფონდი არ გაგვიზრდია. მხოლოდ 700 000 ლარით გავზარდეთ და დღეისთვის იგი 3,2 ლარს შეადგენს“, – განაცხადა თევზაიამ.