თბილისის მერია 22 სექტემბერს დაგეგმილ აქციას “დღე მანქანის გარეშე“ შეუერთდა. თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილეები – ნინა ხატისკაცი, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი სამსახურში ავტომანქანის გარეშე მივიდნენ. აქციაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სიამოვნებით ერთვება აქციაში, რომელიც ქალაქის ეკოლოგიასა და, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე ზრუნვას გულისხმობს. მისი თქმით, დღეს ტრანსპორტი შედარებით შემცირებულია, რაც აქციას ამართლებს და მისი შემდგომ წლებშიც ჩატარების საჭიროებას უსვამს ხაზს.
თბილისში მსოფლიოს მრავალი ქალაქის აქცია „დღე მანქანის გარეშე“ 22 სექტემბერს პირველად აღინიშნება.
დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოს დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას – ეს არის აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც, მრავალი წელია, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება.
ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას შეუერთდა საფრანგეთი. წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება – მას 51 ქვეყანა და 2 ათასზე მეტი ქალაქი უერთდება.
აქციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, 12:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, დედაქალაქის მთავრობის წევრები შეუერთდებიან, სადაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიება ვარდების მოედანზე დასრულდება.
თბილისის მერია შეუერთდა აქციას ”დღე მანქანის გარეშე”
22/09/2016