თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი დასრულებულია. მისი თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ისე, რომ მისი პირვანდელი სახე სრულად აღდგეს, მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე.
„დღეს, ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეები, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და თბილისს ამის ძალიან დიდი რესურსი აქვს. ამ მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მათ შორისაა, ვაკის პარკის აღდგენა. სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ – ულამაზესი სივრცეა, განახლებული ინფრასტრუქტურით, ხე-მცენარეებით, ყველანაირად მოწესრიგებული, შესაბამისი ატრაქციონებით. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მეორე ეტაპზე, არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორ იცით, ვაკის პარკში სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. მაქსიმალურად აღდგა პარკის პირვანდელი იერსახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული კასკადის განახლება იმ მასალითა და ვიზუალით მოხდა, რაც ისტორიულად არსებობდა.
„არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და არ მუშაობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც არსებობდა. ამასთან, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა, რომელიც პარკის ვიზიტორებს ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ვაკის პარკის აღდგენით, დედაქალაქის ისტორია გაცოცხლდება, რადგან ეს არის ადგილი, რომელმაც მრავალი თაობა გამოზარდა.
„მესამე ეტაპი, ცენტრალური კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მთავარი პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს. ეს არის ადგილი, რომელმაც გამოზარდა თაობები, სადაც ხდებოდა ადამიანების თავშეყრა, ირჩეოდა ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ ამ აღდგენით, ქალაქის ისტორიას ვაცოცხლებთ, ვუბრუნებთ იმ სიცოცხლეს, რომელიც ვაკის პარკს ჰქონდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დედაქალაქში მსგავსი არაერთი სივრცე გვქონდეს. მომავალ წელს იგეგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილის – ვერის პარკის სრული განახლება-რეაბილიტაცია და ისიც დაიბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ არსებული ტერიტორია იერსახის უცვლელად, სრულად აღდგება. ასევე, განახლდება თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ე.წ. წყლის ფარდა.
„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს. ის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. რადგან აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია და სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღინიშნება, გადავწყვიტეთ, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ე.წ. ფილარმონიის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობთ, ნოემბერში მთლიანად დავასრულოთ პროექტი გამწვანების სამუშაოებით, ტროტუარების მოწესრიგებით, განათების ბოძებით. მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ე.წ. ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს. კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ, დაზიანებულია ქვის ფილები, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკავებას. გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა. წვიმიან ამინდში ამ გადახურულ სივრცეშიც წვიმს, წყალი ჩადის და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო, სარდაფები იტბორება წყლით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნულ პროექტზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სრულად განახლდება საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებული შადრევანიც. შადრევნის სარეაბილიტაციოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის მერმა შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს დაავალა.
„ტერიტორიაზე არსებული შადრევანი მუნიციპალიტეტის მოვლა-პატრონობაშია. შადრევნის გაყვანილობის დაზიანების გამო, ზიანდება მომიჯნავე სივრცე, რომელიც სცენის და სავენტილაციო შახტებია განთავსებული. ასევე, დეფორმირებულია შენობასთან ასასვლელი კიბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიგეგმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის აღდგენას. პირვანდელი სახე მაქსიმალურად შენარჩუნდება, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. განახლდება ე.წ. წყლის ფარდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ არსებობდა. გარდა ამისა, ამორტიზებული გრანიტი მოპირკეთდება, აღდგება მისი მწყობრიდან გამოსული ნაწილი და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შადრევნის რეაბილიტაცია ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცის მოწესრიგება, რადგან ტერიტორიის ამ ფორმით და ასეთ ვითარებაში დატოვება, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დამატებით, 260 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული.
„დაწყებული გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ეს პროგრამა 2017 წელს დავიწყეთ და დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანებს წლების განმავლობაში ჰქონდათ ეს პრობლემა. შეიძლება ნება არ იყო, შეიძლება, ბიუროკრატიული პრობლემები არსებობდა, მაგრამ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 25 ოჯახს, ისნის რაიონში – 43 ოჯახს, მთაწმინდის რაიონში – 11 ოჯახს, ვაკის რაიონში – 51-ს, გლდანის რაიონში – 31-ს, კრწანისის რაიონში – ცხრა ოჯახს, საბურთალოს რაიონში – 19-ს, სამგორის რაიონი კი, 71 ოჯახს. ჯამში, საცხოვრებელი ფართები დამატებით, 260 ოჯახს დაუკანონდება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს დაკანონების პროცედურების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა და მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
„მინდა, ასევე მივმართო ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს – მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და ფართებით დავაკმაყოფილებთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც გეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი. ასევე, დაგეხმარებიან, რომ შემდეგ ფართების დაკანონება მოხდეს და საკუთრების მოწმობები გადმოგეცეთ. ეს ფართები იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ოჯახი გაბედნიერდა და ეს პროგრამა წარმატებით ხორციელდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები. ეს იყო სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „სვეტის“, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. რჩება კიდევ რამდენიმე პროექტი და ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს და ჩვენი თანადგომა მაქსიმალურად იგრძნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა. პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას ორგანიზაცია Save the Children უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვასა და ბენეფიციართა კვებას უზრუნველყოფს.
„თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომლობით, სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა. იცით, რომ ჩვენ ამ პროგრამას მხარს ვუჭერთ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას მთლიანად უხელმძღვანელებს ორგანიზაცია Save the Children, რომელიც უკრაინელ აღმზრდელ-პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს მოიწვევს, დაიქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ., ხოლო ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვას და ბენეფიციართა ოთხჯერად კვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობა კიდევ ერთხელ უსურვა.
საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – ლიანა ოსიშვილი წარუდგინა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის არბორეტუმს კურატორობს.
„ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი – ლიანა ოსიშვილი მინდა გაგაცნოთ. ქალბატონი ლიანა არის ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი და ბოტანიკურ ბაღში 1960 წლიდან მუშაობს. ამჟამად, ის არის მკვლევარი და 82 წლის ასაკში ისტორიულ არბორეტუმს კურატორობს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ზუსტად ასეთ წესიერ, პატიოსან, ღირსეულ, კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე დგას დღეს დედაქალაქის მერია. ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც საზოგადოების მხრიდან გვაქვს, ზუსტად ამ სისტემაში მომუშავე თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლიანას იმ საქმეებისთვის, რაც მათ უკეთებია და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კიდევ ბევრ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროექტების უკან დგანან მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი უფრო უკეთესი იყოს.
„ხშირად, შეიძლება მე ვჩანდე, კონკრეტულ პროექტებზე ვსაუბრობდე, მაგრამ იცოდეთ ყველამ, რომ ჩემს უკან დგას, დაახლოებით, 30 ათასი თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული, გალამაზებული, გამართული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ბევრი მწვანე სივრცით. ამ ადამიანების როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. მსიამოვნებს, როდესაც ვხვდები მოქალაქეებს, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას სხვადასხვა სამსახურის მიმართ. მეგობრებო, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ყველანაირი პირობა, ამ ქალაქში უკეთესად იცხოვრონ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა ის საარჩევნო დაპირება, რაც წარმოდგენილი გვქონდა პროექტების სახით, შესრულდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.