თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ

13/07/2020

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და სავაჭრო-გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც, მხარეები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მოაწერეს ხელი. მაია ბითაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საკითხებზე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის აქტიური თანამშრომლობა ახლო მომავალში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ისთ პოინტი“ აქტიურად არის ჩართული ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებისა დანერგვაში. ვფიქრობთ, ის ძალისხმევა, რომელსაც მუნიციპალიტეტი კომპანიებთან და სამინისტროსთან ერთად, ნარჩენების სწორი მართვისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით ახორციელებს, ნამდვილად არის იმის საწინდარი, რომ მწვანე ეკონომიკა უახლოეს წლებში იმ მიმართულებით განვითარდეს, როგორც ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

მხარეთა ერთობლივი საქმიანობა მიმართული იქნება გარემოს დაცვის სფეროში ცნობიერების დონის ამაღლების, ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისა და გაზრდისკენ, ასევე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ. ნარჩენების გონივრული მართვის კუთხითა და გარემოს დაცვის მიზნით, „ისთ ფოინთი“ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ელექტრომობილების უფასო დამტენები და ელექტრობატარეების შესაგროვებელი პუნქტი გამოიყენონ. ასევე, მოახდინონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება. გარდა ამისა, მხარეები თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მემორანდუმის მხარეთა მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ ყველა იმ ღონისძიებას დაუჭერენ მხარს, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას, გარემოსდაცვითი პრინციპების, წარმატებული მეთოდებისა და აღიარებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მემორანდუმის ინიციატორი სავაჭრო-გასართობი ქალაქი „ისთ ფოინთია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0