თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

08/06/2023

თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის მიზნით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში დედაქალაქის ჩართვით ხელი შეეწყობა როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებების, ასევე, მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას.

„იუსტიციის სამინისტროსთან ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თბილისის ტერიტორიაზე დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება. ეს პროექტი დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამ პროცესში ჩართული არ იყო თბილისის მუნიციპალიტეტი, ამიერიდან კი თბილისში სისტემური რეგისტრაციის დაწყება ხელს შეუწყობს იმ მოქალაქეების საკუთრების უფლების და ინტერესების დაცვას, რომლებსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქვთ მიწის ნაკვეთები და მას აქამდე სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო ვერ არეგისტრირებდნენ. ამ პროექტის განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებისა და მისი ტერიტორიების იდენტიფიცირების მიზნითაც“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტს საჯარო რეესტრი განახორციელებს, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ უწყებების გაერთიანებული ძალისხმევა, ეფექტიანი კოორდინირებული მუშაობა ზრდის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ხარისხს. მინდა წარმატება ვუსურვო საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას. ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ოჯახი ელოდება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს, ამ პროექტის განხორციელებით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება და უზრუნველყოფს სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნას. პროექტი მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისკენ და მიზნად ისახავს შერჩეულ არეალებში, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე შესაბამის უფლებამოსილ პირთა საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას, ცალკეულ შემთხვევაში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებას, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას. პროექტის განხორციელების შედეგად, ასევე, იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0