თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უსახლკაროს სტატუსის მქონე რვა ოჯახი დააკმაყოფილა. ერთ-ერთ ოჯახს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაზისუბნის დასახლებაში ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა.
„დავიწყეთ უსახლკაროების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. დაახლოებით 400-მდე ამ სტატუსის მატარებელი ოჯახი გვყავს და ჩვენი დაპირება არის ის, რომ ყველა მათგანი დაკმაყოფილდეს მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, 8 ოჯახს გადაეცეს ბინები. წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ოჯახი დაკმაყოფილდება – დაახლოებით, 60-ზე მეტი. მინდა, კვიჟინაძეების ოჯახს მივულოცო დღევანდელი დღე. ის სიხარული, რაც მათ აქვთ, გასაზიარებელია. როგორც ქალაქის მერი, დღეს, მათთან ერთად ბედნიერი ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით გადაეცემათ. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.