თბილისის მერიამ ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო

14/03/2024

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ახლად მოწყობილი მოედნები დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, სამომავლოდ პადელის მოედნები სხვა მულტიფუნქციურ ცენტრებთანაც მოეწყობა. მისივე თქმით, რეაბილიტირდება ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრიც.

„პადელი სიახლეა სპორტში. ბოლო წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ მოვახერხეთ აღნიშნულ სპორტკომპლექსში ამ მოედნების მოწყობა. სამომავლოდ ვგეგმავთ, მულტიფუნქციურ ცენტრებთან ასეთი პროექტები განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს. გარდა ამისა, გვინდა, აღნიშნულ სპორტკომპლექსს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. გარდა ამისა, აქ არის მუნიციპალური სივრცეები, სადაც შესაძლებელია სკეიტ პარკების, საჩოგბურთო და საფეხბურთო მოედნების მოეწყობა და ეს პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 984 000 ლარი დაიხარჯა. პადელი სპორტის ე.წ. საჩოგნო სახეობაა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი სპორტის ამ სახეობამ. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა პადელის ფედერაციაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0