თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა

28/07/2018

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის საფუძველზე, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 32 ხმით 0 წინააღმდეგ, საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკითხის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე, კერძოდ, რეგიონების განვითარების ფონდიდან იზრდება, რომელიც მთლიანად დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებას, საგზაო სამუშაოებს მოხმარდება.
მისივე თქმით, შიდა ტენდერებითა და სხვადასხვა პროექტებით გამოთავისუფლებული თანხების შედეგად მიღებული ეკონომიები კი პრიორიტეტების შესაბამისად, სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება.
სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებები საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ბიუჯეტის ზრდა პოზიტიური ნაბიჯია და ოპოზიცია ამის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ვერ შეძლებს.
დღესვე, სხდომაზე თბილისში ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განმარტა, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის თანახმად, თბილისში ტაქსის სერვისის გამწევ ყველა ფიზიკურ პირს შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით, ლიცენზიის აღება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, ელექტრონულად, იქნება შესაძლებელი და ერთწლიანი ლიცენზიის აღების საფასური შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარით, ჰიბრიდული მანქანებისთვის – 50 ლარით განისაზღვრება.
რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათთვის აღნიშნული დოკუმენტის აღება უფასო იქნება.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთებიც განისაზღვრა, რომლის მიზანი გაწეული მომსახურებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვაა. ასევე,
ტექნიკური ცვლილება განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესშიც.
საკრებულოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებზე, ასევე თბილისში ჩიტაიას ქუჩაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართების ყოფილი საბინაო სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს და თბილისის მერიასა და რამდენიმე კორპორაციას შორის გაფორმებულ საპრივატიზებო პირობის შეცვლას და შესაბამის ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0