დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პროექტის თანახმად, დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება. ასევე, განთავსდება კვების ობიექტები.
„როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაციაზე ვსაუბრობდი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ შეგვემუშავებინა კონცეფცია, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ. საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზო ანძის სწორად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ჩამოსულ ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილით ისარგებლონ. გვინდა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი გათვლები გვაქვს და პროექტის განხორციელებას 10-დან 15 მილიონ ლარამდე დასჭირდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ბიზნესსექტოთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან თბილისის სატელევიზიო ანძის სწორად გამოყენება ბიზნესისთვისაც საინტერესოა.
„ის ვიზუალი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია, არის რეკომენდაციები და შემდგომ ეტაპზე პატარა ცვლილებები მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი ტენდერს ვაცხადებთ. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მჭიდრო კომუნიკაცია იქონიოს ბიზნესსექტორთან, კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული. ისიც მესმის, რომ დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შეიძლება კომპანიების შერჩევა გარკვეულწილად გაჭირდეს, თუმცა სატელევიზიო ანძა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ერთადერთი ობიექტია. მისი სწორად გამოყენება საკმაოდ საინტერესო იქნება იმ ბიზნესისთვის, ვინც ამ პროექტში ჩაერთვება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში თბილისის ანძა ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.
„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები განათავსონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ საარჩევნო პლაკატები მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ ადგილებში განათავსონ.
„მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ დამტკიცებული დოკუმენტით. ქალაქში შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. დადგენილებით არის განსაზღვრული, თუ სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკური პარტიები დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ყველამ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს, ვიზრუნოთ ქალაქის ვიზუალზე და სისუფთავეზე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, იხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, დარღვევების შემთხვევაში, კანონის შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინონ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ დამტკიცდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება.
დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს დაავალა, აღნიშნული დოკუმენტი ყველა თანამშრომელს გააცნონ.
„გამოვეცი ბრძანება „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით. განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობით ამის ვალდებულება გვაქვს, რომელსაც ვასრულებთ. გამოვცემთ წესებს იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კანონმდებლობით დადგენილი ინსტრუქცია. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩაიშალოს ჩვენს თანამშრომლებში, რათა შემდეგ არ მოყვეს გარკვეული მანიპულაციები, როგორც ეს ხდება. მიმდინარეობს მიზანმიმართული არასწორი ინფორმაციის გავრცელება. შეიძლება, ბევრმა არც კი იცოდეს, რისი უფლება გვაქვს და რისი არა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ქვედა დონეზე ჩაიშალოს და ჩვენმა თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რისი არა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული დოკუმენტიდან რამდენიმე მუხლი განმარტა.
„კონკრეტულად, მერიის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაიცვან და გაითვალისწინონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. კერძოდ, მერიის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება. სამუშაო საათებში ჩვენს თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სხვადასხვა პარტიის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა ან გასწიონ აგიტაცია. არასამუშაო საათებში მათ სრული უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტიების ღონისძიებებში, ისე აგიტაციაში; გარდა ამისა, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე მერიის საჯარო მოსამსახურის მიერ აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება-გაკვრა სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე, ანუ ჩვენს თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე სააგიტაციო მასალის გაკვრა სამუშაო საათებში; წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; მგონი ყველაფერი ნათელია. ამიტომ, საჭიროა რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, რათა სამსახურებში ჩვეულებრივმა, რიგითმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ და რისი არა, რათა შემდეგ, საარჩევნო კამპანიის დროს, არ მოხდეს ის, რაც მანამდე ხშირად ხდებოდა – მიმდინარეობდა მანიპულაციები და კონკრეტული ადამიანების ბულინგი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი იყოს ჩაშლილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე, შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლების მუშაობის დისტანციური რეჟიმი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.
„სამწუხაროდ, 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანები, ვინც შეგიძლიათ, რომ სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ, აღნიშნულ რეჟიმში დატოვოთ. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ძველი, მიწისზედა ნარჩენების ურნები მოიხსნება და მოსახლეობა ახალი, მიწისქვეშა ურნებით სარგებლობას შეძლებს. კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს დაავალა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაურიგონ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისარგებლოს აღნიშნული ურნებით.
„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყეთ საპილოტე პროგრამა – ნარჩენების მიწისქვეშა ურნების განთავსება. გავამზადეთ სპეციალური ბროშურები და მინდა, „თბილსერვის ჯგუფს“ და ვაკის რაიონის გამგეობას დავავალო, რომ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ, ეს ბროშურები ყველა ოჯახში შევიდეს და მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ როგორ ისარგებლონ ახალი ურნებით. პირველ ეტაპზე, ნარჩენების სეპარირება აუცილებელი არ არის, რადგან კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით სრულყოფილი კანონმდებლობა გვექნება. პარალელურად, ასევე, ვმუშაობთ ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხორციელებაზე და შემდეგი ეტაპი ნარჩენების სეპარირება იქნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მიწისზედა ურნები მოიხსნება და მიწისქვეშა კონტეინერებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება, რომელმაც კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
„როგორც იცით, კრწანისის რაიონში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საზოგადოებას უახლოეს დღეებში ლევან ჯაფარიძის კანდიდატურას წარვუდგენთ. ის ამდენი ხნის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგებელი იყო. ჩვენ ერთად ვახორციელებდით იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ამ რაიონისთვის იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ლევან ჯაფარიძე უკვე საკრებულოდან დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, მას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება და აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ლევან ჯაფარიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.