„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება. კანონპროექტთა პაკეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა წარუდგინა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, კანონში თამბაქოს ახალი ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ჩნდება. პროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესი.
თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი ხდებიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე სამი თვით ადრე.
შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს თამბაქოს ახალი ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.
წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება (პიქტოგრამის გარეშე). სამედიცინო გაფრთხილების ორ ნიმუშს მთავრობა დაამტკიცებს.
თამბაქოს ახალ ნაწარმთან მიმართებით ასევე დაზუსტდა, რომ სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები. პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით სონღულაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
„სიგარეტის პროდუქციაზე ფასების ზრდასთან ერთად, თამბაქოს ნედლეულის მოხმარება გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევძელით ძირითადი მიზნის – სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება. იმის გამო, რომ თამბაქოს ნედლეულის მოხმარება გაიზარდა აუცილებელი არის ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, რის საშუალებასაც წარმოდგენილი კანონპროექტი იძლევა“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად, განსახილველად შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება შეასრულოს „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის მე-4 – მე-7 მუხლები და II და III დანართების დებულებები.
როგორც მარინა მორგოშიამ აღნიშნა საქართველოს კანონმდებლობაში, ცალკეული დებულებები უკვე იმპლემენტირებულია.
დირექტივის II დანართის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისას, სპეციალური მანევრები შეიძლება ჩატარდეს დახურულ მოედანზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ის ნაწილი, რომლის დროსაც ფასდება მძღოლობის კანდიდატის მოქმედება საგზაო მოძრაობისას, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
„კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის დახვეწა და ასევე, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება. მართვის მოწმობის მიღების პროცესს დაემატება ახალი ეტაპი – რეალურ საგზაო სივრცეში მონაწილეობა, იმისათვის რომ მძღოლობის კანდიდატმა მართვის მოწმობა მიიღოს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში შემოდის ახალი “AM” და “A2” კატეგორიები, რაც მოიცავს მსუბუქი კვადროციკლებს და მოპედებს, რაც აქამდე არ არსებობდა. ასევე, ხდება მოპედების რეგისტრაცია და თეორიული გამოცდის დაწესება.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს ავტომატურად მიიღებს “AM” კატეგორიას. ხოლო “AM” კატეგორიის მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თეორიული გამოცდით, რაც აქამდე არ ხდებოდა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, “AM” კატეგორიის აღებისა და მოპედები რეგისტრაციისთვის ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი წესდება.
რაც შეხება მინიმალურ ასაკს A1 და B კატეგორიებისთვის მართვის მოწმობის ასაღებად ასაკი 17-დან 18 წლამდე იზრდება.
თეორიული გამოცდის ფასი 40-დან 20 ლარამდე მცირდება, ხოლო შედეგების მოქმედების ვადა 1 თვიდან 1 წლამდე იზრდება.
კანონპროექტის თანახმად, ხდება მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ფასების გათანაბრება.
„ნებისმიერი გასვლა დახურულ მოედანზე 40 ლარი იქნება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ღირებულება B კატეგორიისთვის იქნება 90 ლარი. ყველა სხვა კატეგორიისთვის იქნება 150 ლარი. ასევე განსაზღვრულია დაჩქარებული მომსახურების საფასური“, – განაცხადა მარინა მორგოშიამ.
სტუდენტებისთვის მოპედების მართვის მოწმობის ასაღებად, ერთჯერადად, უქმდება თეორიული გამოცდის საფასური.
კომიტეტის სხდომაზე „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ წარადგინა.
მისი განმარტებით, საქართველოს მოქმედი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, კანონი მიღებული იქნა 2003 წელს, რომელშიც წლების განმავლობაში არა ერთი ცვლილება განხორციელდა.
„აღნიშნული კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ვფიქრობთ, ვერ უზრუნველყოფს იმ განახლებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რის გამოც ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მისი თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტი ემსახურება მკაფიო და განჭვრეტადი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას.
„მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს არის რისკზე დამყარებული მიდგომის სრულყოფილი დანერგვა, როგორც ეროვნულ და სექტორულ ასევე, კერძო სექტორის დონეზე“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტი ადგენს მისი მოქმედების სფეროს, აგრეთვე მოიცავს ტერმინთა განმარტებას და ანგარიშვალდებულ პირთა და ზედამხედველ ორგანოთა ჩამონათვალს.
ნათია მიქელაძის განმარტებით, ერთი მხრივ, უმჯობესდება და უფრო მკაფიოდ ყალიბდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში განმარტებული ტერმინები. განისაზღვრება ისეთი ახალი ტერმინები როგორიცაა ერთჯერადი გარიგება, საქმიანი ურთიერთობა და კლიენტის ვერიფიკაცია.
ანგარიშვალდებულ პირთა სიას, რომელიც „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში „მონიტორინგის განმახორციელებელი პირების“ სიის ეკვივალენტურია, ემატება დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი, საადვოკატო ბიურო და სერტიფიცირებული ბუღალტერი.
კანონპროექტი მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხებს.
მომხსენებლის განმარტებით კანონპროექტით შემოთავაზებულია სიახლე, პრევენციული ღონისძიებების რეგლამენტაციის მიმართულებით.
„პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვანია ამ სფეროში სწორი საქმიანობის წარმართვისთვის. კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქციით, ტერმინი პრევენციული ღონისძიებები მოიცავს ანგარიშვალდებული პირების მიერ კლიენტების მიმართ გასატარებელი იდენტიფიკაციის, ვინაობის გადამოწმების, საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის და სხვა ღონისძიებების ვალდებულებებს“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
რაც შეეხება საეჭვო გარიგებებს, მომხსენებლის განმარტებით, მეტი მნიშვნელობა ენიჭება ანგარიშვალდებული პირების მიერ გარიგების საეჭვოობის განსაზღვრას.
კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებულ ასპექტებს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, კანონპროექტით წესრიგდება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი ან დაბალი რისკის არსებობისას კლიენტების მიმართ შესაბამისი გაძლიერებული ან გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა.
მისივე თქმით, პროექტი ასევე, ადგენს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებას ისეთი კლიენტების მიმართ, რომელთა ადგილსამყოფელი ან საცხოვრებელი მაღალი რისკის იურისდიქციის ქვეშ არის.
კანონპროექტი ასევე, აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების და სხვა ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მონიტორინგის სამსახურში წარდგენის საკითხებს.
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიღება უმნიშვნელოვანესია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დროული იმპლემენტაციის კუთხით. მისი მიღება უზრუნველყოფს კანონმდებლობის დაახლოებას მათ შორის, ევროკავშირის სტანდარტებთან რაც უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოწვევებზე რეაგირების სამართლებრივ მექანიზმებს,“ – განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს