საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება. იქამდე კი, ჯანდაცვის სამინისტროში, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართა. სხდომას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვა, გაერო-ს განვითარების ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მულტისექტორულ შეხვედრაზე გაეროს განვითარების ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევის“ პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეცია 2030“ დაამტკიცეს, სამდივნოს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი წარმოადგინეს და საკანონმდებლო ნორმის ამოქმედებამდე გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
„საინვესტიციო შემთხვევა“ გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ის ქვეყნის დონეზე მონაცემების შეგროვებას, თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრას, მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ფარგლებში, პრიორიტეტული ინტერვენციების განხორციელების უპირატესობების გამოვლენას და უმოქმედობის ხარჯის შეფასებას გულისხმობს.
თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართა
28/02/2018