თამარ ჩუგოშვილი ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა

12/10/2017

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოში ვიზიტით მყოფ ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა.
მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმაზე და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, ასევე რუსულ პროპაგანდაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) ძალიან დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბევრი სხვა ინსტიტუტის, მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუშაობას ფარავს და მის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა, რომელიც საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე. სამი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით ბატონ გერშმანს ვაშინგტონში და მთავარი ორი საკითხი, რომელიც შეხვედრისას პრობლემად გამოიკვეთა, დღეისთვის მოგვარებულია – ეს არის ბლოკების და ბონუსის თემა. ვილაპარაკეთ რუსულ პროპაგანდაზე და ზოგადად, საქართველოში რუსეთის გამო არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. ვისაუბრეთ, ასევე სხვადასხვა თემებზე, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიული პროცესის პროგრესს გულისხმობს. ჩვენთან ერთად შეხვედრას ოპოზიციაც ესწრებოდა. იყო, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებულად ვხედავთ ბევრ რამეს, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა აღიარებს იმას, რომ საქართველოს, საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პროგრესი აქვს. ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ გეგმავს, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს და დაეხმაროს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს და ხელი შეგვიწყოს საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენთვის ეს დახმარება მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მეტად დაიხვეწოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა, გაძლიერდეს ის როგორც ტექნიკურად, ასევე პოლიტიკურად“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0