ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობებს ასახავს.
„კენჭისყრის დღემდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საარჩევნო კამპანია გადადის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ექნება საკუთარი საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების შესაძლებლობა. ჩვენთვის ეს ნიშნავს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისების, საარჩევნო განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივებისა და საარჩევნო პროცესის მთლიანობის უზრუნველყოფას“,- განაცხადა ჟვანიამ.
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 (53.75%) ქალი და 1 623 384 (46.24%) კაცი.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ ამომრჩეველს არაერთი ახალი სერვისი შესთავაზა. მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის (voters.cec.gov.ge) მეშვეობით; წელს პირველად მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები გადაემოწმებინათ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალში, ასევე ანდროიდის სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან/და პლანშეტის საშუალებით. ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობაც. მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით 10 ივნისიდან 8 სექტემბრამდე 945 761-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოცქსელების მეშვეობით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას, გადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით“, – განაცხადა ჟვანიამ.
მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, 28 პარტიას კი უარი ეთქვა/გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებულია 61 საინიციატივო ჯგუფი.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3, 634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი – 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისთვის, ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა 74-მა ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო (მათ შორისაა 20 საარჩევნო ადმინისტრაცია და 4 ქვეყნის საელჩო) ორ განიზაციამ. აკრედიტაცია 34-მა მედიასაშუალებამ გაიარა.
თამარ ჟვანიას თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლის დროულად ინფორმირების მიზნით ცესკო-მ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი, მომხმარებელზე მორგებული და ინფორმაციული ვებ-გვერდი შექმნა. ცესკო-ს ვებ-გვერდი საქართველოში პირველია, რომელიც სრულად ადაპტირებულია უსინათლო ამომრჩევლისათვის. გარდა ამისა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკო-მ არაერთი ნაბიჯი გადადგა შშმ პირებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების, ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდის, საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის მიმართულებით.
ცესკო-ს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ თავისი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
ცესკო-მ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ცხრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხუთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ნორმების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ. თამარ ჟვანიამ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკო-ს სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. მისივე თქმით, შემუშავდა სახელმძღვანელო ინსტრუქციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, რომლებიც ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელოები ადგილობრივი თვითმმართველობების იურისტებისა და მედიისთვის. ჩართული მხარეებისთვის ასევე ხელმისაწვდომია დისტანციური სასწავლო პროგრამა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
როგორც მედიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.