თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის ბოლო – 43-ე მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
დედაქალაქის მერმა პირველ რიგში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წელი მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„მინდა, ჩვენს უწმინდესს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის და მივულოცო ეს საიუბილეო დღე. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საამაგოდ. 42 წელია, ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სასოებით, ქართულ ეკლესიას უძღვება, ლოცულობს საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დღევანდელი დღე ასევე ყველა იმ ქრისტიანს მიულოცა, რომელიც ქრისტეშობის დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობს.
„დღეს ასევე, არის 25 დეკემბერი, შობის დღესასწაული. მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს თანამემამულეს, ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა, ყველას მშვიდობიანი დღეები ვუსურვო. სიკეთითა და სიხარულით, იმედით აევსოს ადამიანთა გულები ამ დღესასწაულს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან იქნება შესაძლებელი.
„თამარ მეფის ხიდის პანდუსზე დღეს ღამით დასრულდება მოასფალტება და ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ უშუალოდ სამუშაოებზე და იცით, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდა. ფაქტობრივად, მთლიანად მოხდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მოწესრიგება და როგორც გითხარით, ხვალიდან იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლები დღესვე დაიბარონ, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული.
მისი თქმით, კომპანიამ საკუთარი ხარჯებით, სამუშაოები თავიდან უნდა განახორციელოს.
„რამდენიმე დღის წინ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გულზე შემოგეყრებათ სამუშაოები ისე არის შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დღესვე დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები და საგზაო სამუშაოები თავიდან განახორციელონ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის ჩაბარება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლებმაც, რომლებიც პერიოდულად ამოწმებდნენ სამუშაოებს, აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანიის თანამშრომლები და თავიდან ჩაატარონ სამუშაოები, როგორც ნორმალურ ქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები უნდა დაექვემდებარონ იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებობს.
თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ „სვეტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება.
კახა კალაძის თქმით, დაზუსტდა და განისაზღვრა მერიის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტების დასასრულებლად უნდა განხორციელდეს.
„იცით, რომ კომპანია „სვეტის“ მშენებლობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „M2“-თან და 2 500 დაზარალებულ ოჯახს აუცილებლად მოვუგვარებთ პრობლემას. მათი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი, რის საფუძველზეც, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხების განმხილველი კომისიის ინტენსიური მუშაობის შედეგად, უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა; დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტის დასასრულებლად უნდა განხორციელდეს, რომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ დაზარალებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისში კომპანია „M2“ სამშენებლო ნებართვებს მიიღებს.
„დღეს, კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 2020 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სამსახურები, როგორც სატრანსპორტო, ურბანული, არქიტექტურის, გარემოს დაცვის სამსახური. ამ მჭიდრო თანამშრომლობით, თებერვალში უკვე შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ადგილობრივი მცხოვრებლები და დედაქალაქის სტუმრები სადღესასწაულო ღონისძიებაზე მიიწვია. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები დღეს, 20:00 საათზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.
„მინდა დავპატიჟო ყველა – აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მობრძანდით, ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები. თქვენც, მთავრობის წევრებსაც გეხებათ ეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით, 12:00-დან 00:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი; გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და საბავშვო გასართობი ღონისძიებები.
„აბსოლუტურად ყველა ჩართულია ღონისძიებებში და დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობას და არამხოლოდ, საინტერესო საახალწლო დღეები ელოდება. გვაქვს ორი ლოკაცია: პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ყინულის მოედანი ბავშვებისთვის, ძალიან ლამაზად არის მორთული და იქაც იქნება სხვადასხვა ღონისძიებები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ანალოგიურად იმუშავებს ტრანსპორტი შობის ღამესაც.
„31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. ვფიქრობ, ეს ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შობის ღამესაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე თბილისის მერმა 2019 წელი შეაჯამა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურების ყველა თანამშრომელს, ასევე, მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მერიის, გამგეობების, მერიის სსიპ-ების, აიპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებს იმ შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში სწევენ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. აქ ასევე, იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებენ იმ მოვლენებს, რაც ხდება ქალაქში, რა პროექტებიც ხორციელდება, რა გამოწვევების წინაშე დგას მუნიციპალიტეტი. ამაში რა თქმა უნდა, თქვენი როლი მნიშვნელოვანია და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, წლევანდელი წელი მერიისთვის დატვირთული და წარმატებული იყო.
„მერიამ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ჩვენი თუ გადავხედავთ განვლილ წლებს, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს განხორციელებულა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება – სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, გვინდა, რომ ის სივრცე ძირეულად მოვაწესრიგოთ. მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც სამწუხაროდ, მრავლადაა ქალაქში, ჩვენი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად იცვლება და ახლდება. მასშტაბური სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით განხორციელდა. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ შევინარჩუნოთ ის შესანიშნავი შენობა-ნაგებობები, რომლითაც ყველა ვამაყობთ. ასეთი სამუშაოების წარმოებას მომავალშიც გავაგრძელებთ. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს გუდიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მწვანე სივრცეების შექმნის კუთხით გაწეულ სამუშაოებსაც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნეს დედაქალაქში და მოვაწესრიგოთ არსებული; შევქმნათ ახალი საქალაქო პარკები, დავრგოთ ახალი ხე-მცენარეები. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე, ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების შემოყვანა – პროცესი რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და პირობა, რომელიც ჩვენ დავდეთ, აუცილებლად იქნება შესრულებული. თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქალაქი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. ჩვენ არა მხოლოდ არსებული პარკის ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ მზად ვართ დავამატოთ ახალი ავტობუსები, რათა იმ რაიონებში, იმ უბნებში, სადაც დღეს არის ავტობუსის პრობლემა, შევამციროთ ავტობუსების მოცდის დრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ავტობუსებისთვის შეიქმნას ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად იმოძრაოს. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და მომავალ წელს საზოგადოება დაინახავს ამ პროცესის რეალურ შედეგებს, ასევე მეტროს მიმართულებითაც. საერთო ჯამში ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართული იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე.
„ჩვენი პროგრამებით, სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 240 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ეს იყო ოპერაციები, ერთჯერადი დახმარებები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, თუმცა, ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ ნაკლებად გვყავდეს სოციალურად დაუცველი ოჯახები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტებიც შეაფასა. მან განსაკუთრებით გამოყო წარჩინებული სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამაც.