თამარ გაბუნია ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა

06/08/2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე, მან მიმოიხილა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები. თამარ გაბუნიას თქმით, ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ რეგიონებში და კონკრეტულად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ. სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრომ უკვე უზრუნველყო რეანომობილის ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში განთავსება, სამომავლოდ კი – რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება.

„რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდება. რეანომობილი უკვე დღეიდან ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრშია განთავსებული“ -განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0