დღეს, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – გიედრიუს პუოჯუნასი, მეუღლესთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. სტუმრებს თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა უმასპინძლა, გააცნო თიანეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და კულტურის საკითხებს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
გიედრიუს პუოჯუნასი: „ ვხედავ დიდ პერსპექტივას სამომავლოდ, თუ როგორ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ თიანეთს სურს პარტნიორობა ლიტვასთან. ასე, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ მომავალში, დავამყარებთ მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი მაქვს, ვიფიქრებთ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე სამომავლოდ.“
სტუმრებმა დაათვალიერეს ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი, დაესწრნენ თიანეთის კულტურის სახლთან არსებული სიმღერის ანსამბლ „აონის“ რეპეტიციას. სტუმართა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანსამბლ „აონის“ ლიტვურ ენაზე შესრულებულმა სიმღერამ.
შეხვედრის ბოლოს თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა ბატონ გიედრიუსს ლიტვა-საქართველოსა და მათ რეგიონებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
თამაზ მეჭიაური ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
20/12/2018