თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. არსებული სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გვინდა, სკვერი სრულად განვაახლოთ – ფილები მთლიანად შეიცვლება, ასევე, გამწვანების თარგები შეძლებისდაგვარად გაიზრდება, დაირგვება ხე-მცენარეები, შეიცვლება განათების სისტემა. ეს ძველი, კლასიკური სანათები ძალიან უხდება არსებულ სივრცეს, თუმცა, რეაბილიტაცია და განახლება სჭირდება. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და რადგანაც პუშკინის სკვერი ერთ-ერთი ცენტრალური სივრცეა თავისუფლების მოედანზე, ესეც იქნება ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. ასევე, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება მწვანე ნარგავები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.