თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის ეზოში გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ მოვლენამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ისტორია. მოვლენამ, რომელმაც პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყანა რეალური განვითარების ტემპს, პროცესებს მოწყვიტა და დიდი ხნის განმავლობაში დაგვაშორა საერთო ევროპულ ოჯახს. ამ დღეს სწორედ გმირმა ახალგაზრდებმა, იუნკერებმა დაგვიტოვეს მაგალითი, რომელიც მრავალი თაობისთვის დღესაც სახელმძღვანელოდ რჩება. მრავალი ათეული წლის განმავლობაში მათი თავდადება, თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩა. დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. რა თქმა უნდა, იუნკერებმა თავი შესწირეს საკუთარი სამშობლოს დაცვას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მაგრამ, ვერ შეაჩერეს ის უზარმაზარი, ძლევამოსილი წითელი არმია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. მათი ეს თავგანწირვა დარჩა ლეგენდად, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოდ დარჩა. დღეს ვართ დამოუკიდებელნი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, მიუღწეველია ეს დიდი, თითოეული ქართველის, ჩვენი თითოეული მოქალაქის, ყველას ოცნება. მე მჯერა, რომ ეს გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომლებიც იყო იუნკერების იდეალები და ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იუნკერების ნათელ ხსოვნას და ვუსურვებ ჩვენს ხალხს გაერთიანებას, სიმტკიცეს და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, ასევე დაესწრო იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაიხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა ასევე გვირგვინით შეამკეს 1921 წელს თბილისის დაცვისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.