საპარლამენტო პარტიები: ”თავისუფალი დემოკრატები”, ”გირჩი”, ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ეროვნული ფორუმი”, ასევე ცალკეული დეპუტატები, მათ შორის ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, გიორგი ვაშაძე გერმანული საარჩევნო სისტემას მხარს უჭერენ. საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებმა განცხადებები დღეს გააკეთეს.
„ექვსიანის ფორმატში, რვიანის ფორმატშიც გვქონდა საუბარი, რომ თუ სამხარეო- პროპორციული სისტემა ვერ შედგებოდა საქართველოში, მაშინ ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა გერმანული სისტემის დანერგვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ”რესპუბლიკელების” მხრიდან იქნა წარმოდგენილი, ჩვენ მხარს დავუჭერთ, ვინაიდან ვთვლით, რომ ეს არის ბოლო შესაძლებლობა რეალურად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და უფრო სამართლიანი გახდეს 2016 წლის არჩევნებამდე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა (“თავისუფალი დემოკრატები’).
„გირჩის“ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, თუ დაინახავენ, რომ “გერმანულ მოდელს” გასვლის შანსი ექნება, მხარს დაუჭერენ. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი არანაირად არ არის არაკონსტიტუციური. -“ჩვენც გვაქვს დარეგისტრირებული ჩვენი ინიციატივა და თუ დავინახავთ, რომ “გერმანულ მოდელს”, ან ჩვენს ინიციატივას ექნება რაიმე ფორმით გასვლის შანსი ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ერთსაც და მეორესაც მხარს დავუჭერთ, ცხადია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეხება ”ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ. მისივე განმარტებით, შესაძლებელია კონსენსუსი იქნეს მიღწეული, ან შესაძლებელია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ დაუჭიროს მხარი “გერმანულ მოდელს”, რადგან „არსებულ საარჩევნო სისტემას ყველა სისტემა სჯობს“. როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ არსებული მაჟორიტარული სისტემა შესაცვლელია.
ანი მიროტაძემ (”ეროვნული ფორუმი”) კი განაცხადა, რომ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ის არის უკეთესი, ვიდრე მოქმედი სისტემა. – ”აქედან გამომდინარე, ”ეროვნული ფორუმი” მას მხარს უჭერს. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით იმ კონსულტაციების რეჟიმში, რომელიც, სავარაუდოდ, გაიმართება პარლამენტში რამდენიმე დღის განმავლობაში”, – განაცხადა მიროტაძემ.
”გერმანული მოდელის” მხარდაჭერას გეგმავს ”ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე. როგორც მან აღნიშნა, ეს არ არის საუკეთესო მოდელი, რომელიც საქართველოში უნდა იყოს, თუმცა „დღევანდელი კონსტიტუციური ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ნაბიჯი გადავდგათ შემდგომი დემოკრატიზაციისკენ“. -„რაც ყველაზე მთავარია, ასევე იმისკენ, რომ საზოგადოების ინტერესები უკეთესად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომ ვაპირებ, რომ მხარი დავუჭირო. თუმცა, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ეს მომავალში სრულ დახვეწას და შეცვლას საჭიროებს, იმიტომ რომ მოქალაქეების ინტერესი პარლამენტში უკეთესად იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა ვაშაძემ.
“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში “რესპუბლიკელების“ მიერ უკვე ინიცირებულია და თავად “რესპუბლიკელთა“ და უმრავლესობის გარეთ მყოფი პოლიტიკური სუბიექტების ძალებისა და ხმების მობილიზების შემთხვევაში, პროექტის მიღების შანსი რეალურია. იმ შემთხვევაში, თუ გერმანული მოდელის გარშემო “რესპუბლიკელები“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე “გირჩი“ გაერთიანდება და მათ ორი-სამი ხმით ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებიც დაეხმარებიან, “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი 76 ხმის მოგროვება შესაძლებლი ხდება.