თავდაცვის სამინისტროში არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, სამი დაპირება გასცა და ერთ-ერთი მათ შორის იყო, რომ სპეცუბნები აღარ იქნებოდა თავდაცვის ობიექტებში.
„ჩვენ ვიმუშავეთ ყველა უწყებასთან და მივედით შეჯერებულ ვერსიასთან, რომელიც პარლამენტში არის წარდგენილი. თავდაცვის სამინიტროში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ერთადერთი გამონაკლი არის ავღანეთი. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები არ არის და ამის მიზეზი გასაგებია. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში მაგალითად, იგივე საავადმყოფოში მყოფ პირებთან დაკავშირებით, იქნება ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის პრინციპი, როგორც ნებისმიერ სამოქალაქო ვითარებაში ხდება, როდესაც ადამიანთან სახლში მიდიან და იქვე აძლევენ ხმას. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალში მივლენ დ იქ მისცემენ ხმას. სხვა ყველა შემთხვევაში თავდაცვის უწყებაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება და ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რომელიც არჩევნებამდე უნდა შესრულებულიყო და ჩვენ ვუზრუნველყავით ამის შესრულება“, – განაცხადა ხიდაშელმა.