თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

27/09/2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს ამერიკული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე ვირჯინია ტეკის კადეტთა კორპუსის შემადგენლობასა და სამხრეთ კაროლინას ციტადელის სამხედრო კოლეჯს ეწვივნენ. შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი გაეროში მირიან ფოფხაძეც ესწრებოდა. მხარეებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური პროგრამების თავსებადობის საკითხი, ასევე ქართულ და ამერიკულ სამხედრო სასწავლებლებს შორის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები განიხილეს. დელეგაციის წევრებმა გაცვლითი პროგრამების ამოქმედების მიზნით, კონკრეტული გეგმები დასახეს და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0