თავდაცვის მინისტრმა მტკიცებულებების გარეშე განცხადებები არ უნდა აკეთოს

24/08/2016

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც გონიოში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ლევან იზორიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კითხვაზე, დამატებით რისი გაკეთება შეეძლო თავდაცვის სამინისტროს, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მას ძალიან უჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, იქედან გამომდინარე, რომ აქვს ის ინფორმაცია, რაც მედიაში ვრცელდება.

„როდესაც ადამიანი ამდენი ხანი სისტემაში მუშაობდა, არ არის რთული მიხვდე, რეალურად, რა ვითარება იყო და რეალურად, რა შეიძლება რომ გაკეთებულიყო. რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და ჩემი განცხადების ერთგული ვრჩები, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით შევეცდები მაქსიმალურად, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო. ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის შეიარაღებული ძალების რეპუტაცია და მათი სახელი. თქვენ ჟურნალისტები ხართ და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ, ცოტა უფრო მეტად მოინდომოთ იმის გარკვევა, იყო თუ არა რაიმე დამატებითი, რისი გაკეთებაც შეეძლო თავდაცვის სამინისტროს და არ გააკეთა სხვა უწყებებთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, რაც გონიოში მოხდა, არის ძალიან დიდი ტრაგედია და თინა ხიდაშელს არ მიაჩნია, რომ ეს თემა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ან ნებისმიერმა პოლიტიკოსმა რაიმე პოლიტიკური დაპირისპირებისთვის უნდა გამოიყენოს.ხიდაშელის თქმით, ეს არ იქნება სწორი და ღირსეული საქციელი არავის მხრიდან.

„ძალიან სამწუხაროა ის განცხადება, რაც გუშინ მოვისმინე მოქმედი მინისტრისგან. მან თქვა, რომ მასობრივ დანაშაულთან გვქონდა საქმე. ეს არის წარმოუდგენელი განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როცა საქმე სამხედროებს შეეხება. სწორედ ასეთი ტიპის განცხადებები ვნებს, პირველ რიგში, ჯარს, მის რეპუტაციას და სახელს. ან უნდა იყოს გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაული და მაშინ უნდა გამოვიდეს თავდაცვის მინისტრი და გვითხრას, რა დანაშაული იყო ჩადენილი, ვის მიერ და ვინ არის დასჯილი, ან არ იცის არაფერი ამაზე და შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ უნდა აკეთოს. არ შეიძლება, ეს ანა-ბანაა. ადამიანი, რომელიც თავდაცვის უწყების სათავეში დგას, საკუთარ სამხედროებზე ამბობდეს, რომ მასობრივი დანაშაული ჩაიდინეს ისე, რომ ამის არავითარი მტკიცებულება და დოკუმენტაცია არ წარმოადგინოს, არ შეიძლება. აქ ძალიან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების მიმართ. ამიტომ მე ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები. როგორც იზორიამ გუშინ აღნიშნა, ის გამორიცხავს, რომ აქ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ საქმე უფრო ფართო წრის ბრალეულობას ეხება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0