თინათინ ხიდაშელმა ამერიკული ჯილდო ყულჯანიშვილის ოჯახს რუსთავში, I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის სასაფლაოზე გადასცა. თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს დედას, სიმბოლურად, აშშ-ში აღმართული, აშშ-ის არმიის 101-ე დივიზიის III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მემორიალის ის ფოტოც გადასცა, სადაც ქართველი მებრძოლის ვასილ ყულჯანიშვილის გვარი და სახელია ამოტვიფრული.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან, მაგრამ ძალიან მნშვნელოვანია, როდესაც მათი ასე აფასებენ. ვასილ ყულჯანიშვილი არის პირველი ქართველი სამხედრო, ვისი სახელობის მემორიალიც გაიხსნა ამერიკაში, იმ ბაზაზე, რომლის სარდლობის ქვეშაც მსახურობს ქართული ჯარი ავღანეთის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე. ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გამოგზავნა ვარსკვლავი, რომელიც ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემათ ხოლმე სამხედრო მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვისაც და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩვენ ასლიც გვაქვს ამ მედლის, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში განვათავსებთ ყველა მომავალი სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახებისთვის. იმედია, დანაკარგები არ გვექნება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობაც აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას ყოველი ამ ახალგაზრდის და და მათი ოჯახის წევრების მიმართ“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
დღესვე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა მამა გაბრიელმა დაღუპული ჯარისკაცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და რუსთავის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.