საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდა. თინათინ ხიდაშელმა, სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს გაესაუბრა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის პიორველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნკი ნიკოლოზ აგლაძე იმყოფებოდა.
„ყველა დღე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ამ ტიპის ურთიერთობა ახლობლებთან, იმ ადამიანებთან ვინც მოდიან საფლავებზე და ერთმანეთს უზიარებენ ამ დროს საკუთარ ისტორიებს, საკუთარ ტრაგედიებს, საკუთარი შვილების გმირობის ამბებს. ამიტომ, მრავალმხრივ საინტერესო არის ხოლმე აქ მოსვლა, როდესაც სხვადასხვა ოჯახის წევრები იმყოფებიან და მათგან ისმენ ამბებს, მათი შვილები როგორ იზრდებოდნენ, რა გარემოში იზრდებოდნენ და როგორ ყალიბდებოდნენ გმირებად. ჩვენ სულ ვამბობთ და მინდა, მუდმივად გვახსოვდეს, რომ ძალიან სახელოვანი ისტორია გვაქვს, მაგრამ არანაკლებ სახელოვანი აწმყო. რეალობის აღქმისთვის, იმის დასანახად, რა პრობლემების წინაშეა დღეს ჩვენი ქვეყანა, რა ტიპის გამოწვევების წინაშეა, სწორედ, ეს აწმყო, სწორედ ეს გმირები რომლებიც ჩვენს გვერდზე, ჩვენს გვერდით ქუჩებში იზრდებოდნენ, ჩვენს სკოლებში დადიოდნენ და შემდეგ ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ, სწორედ, მათი ისტორიები არის ყველაზე საუკეთესო დასტური და ყველაზე საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევების მიმართ. ჩვენი ქვეყანა ხშირად არის ხოლმე არჩევანის წინაშე და ყოველი ასეთი არჩევანის გაკეთების დროს ალბათ ეს არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც უნდა მოხვიდე და დაფიქრდე, ვიდრე არჩევანს გააკეთებ. ჩვენ დღეს თავდაცვის სამინისტროში გავხსენით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში და მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი და კიდევ ერთი ადგილი შეემატა ჩვენს დედაქალაქს, სადაც აი ასეთი გახსენების, ჭეშმარიტების მომენტი დგება ხოლმე, როდესაც განსაკუთრებული არჩევანის წინაშე დგახარ, საით წახვიდე. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად გვახსოვდეს ეს ისტორიები, გვახსოვდეს ეს ადამიანები და გვახსოვდეს ის, რომ ნებისმიერ ეპოქაში შეიძლება დაიბადო გმირად“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანეზე“ გადაინაცვლეს. მათ დაღუპულ გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს და ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.
თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო
02/05/2016