თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს, მირჩა დუშას შეხვდა

11/10/2017

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს, მირჩა დუშას შეხვდა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და ურთიერთობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით აღინიშნა მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი მონაწილეობა. ლელა ჩიქოვანმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში რუმინეთის პრაქტიკულ დახმარებაზეც გაამახვილა.
მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში ნატოს ძალების გაძლიერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს რეგიონში სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს ლელა ჩიქოვანმა და მირჩა დუშამ ხელი საქართველოსა და რუმინეთის მთავრობებს შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს.
ორმხრივი შეხვედრა საქართველო-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0