საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ რეკრუტებს მოულოდნელად ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა მომავალ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად ალგეთში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდნენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ თავდაცვის მინისტრს საწვრთნელი ბაზა ალგეთის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეკრუტების მომზადების პროგრამა გააცნო. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რეკრუტებს, მათ შორის იმ პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩართვა გადაწყვიტეს.
საწყისი საბრძოლო მომზადება, ამჯერად, გაუმჯობესებული პროგრამით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები.საწყისი საბრძოლო მომზადება 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მომზადების დასრულების შემდეგ რეკრუტები სამხედრო ფიცს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე დადებენ.
თავდაცვის მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი რეკრუტებთან
21/04/2016