თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

15/04/2024

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა “საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ” რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება განიხილა. მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტი “საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების ერთგვარი გაგრძელებაა, რომელსაც 2017 წლის 4 აპრილს მოეწერა ხელი. რაც შეეხება სარატიფიკაციო დოკუმენტს, მომხსენებლის განმარტებით, მისი გაფორმება საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სხდომაზე კომიტეტის წევრები მეორე მოსმენით “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტებს გაეცნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, ცვლილებები უსაფრთხოების ნორმების განმტკიცებას და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0