თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს

13/11/2023

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს მოუსმინეს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოსმენა დახურულ ფორმატში წარიმართა. შეხვედრაზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს ურთიერთობებზე დეპუტატებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

„თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეხუთე ვიზიტის შემდეგ. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები განვიხილეთ და თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა საკითხი დავფარეთ. მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან დეპუტატების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დღეს უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და განსაკუთრებით ეს თავდაცვის სფეროს შეეხება. კანონმდებლების მხრიდან, თავდაცვის უწყებას და ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, მის განმტკიცებას ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ სტატუს-კვოს, რაც ნატო-საქართველოს თავდაცვის თანამშრომლობის კუთხით არსებობს.

„აღნიშნულ თემებზე საუბრისას, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და დინამიკას შევეხეთ. დეპუტატებს სამინისტროს გამოცდილება გავუზიარეთ და იმ პერსპექტივებზე ვესაუბრეთ, რომლებიც თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობას ახლავს“, – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და სამინისტროს თანამშრომლების დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0