„საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მივესალმებით 2023 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრი სფეროა, სადაც იზრდება დაფინანსება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. განსაკუთებით ეს ეხება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საბიუჯეტო ასიგნებების ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც საზოგადოებრივი მართლწესრიგის, ასე ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე.
დეპუტატებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს და ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილეს. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო ბიუჯეტის შემოსავლები და განხორციელებულიყო ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში.
„ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები, რაც გამოიხატა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში. ამან ქვეყანას მისცა დამატებითი შემოსავლები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია, რაც გამოიხატება, როგორც ბიუჯეტის დეფიციტის, ასევე ვალის მოცულობის შემცირებაში. ამან შესაძლებლობა მოგვცა 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ნაკლები ყოფილიყო კონსოლიდაციის საჭიროება და შესაბამისად, თანხები მიიმართა ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც დღის წესრიგში იდგა 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, მათ შორის, ეს იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსება, რომელიც გასულ წელთან შედარებით 350 მილიონი ლარით გაიზარდა. გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ჯარისკაცების, უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციელების ხელფასების 20 პროცენტიან ზრდაში გამოიხატა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
წარმოდგენილი 6 თვის შესრულების ანგარიშით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,7%-ით გაზრდილია ქვეყნის ეკონომიკა. 10 % – ით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც საშემოსავლო, ასევე სხვა გადასახადები გადაჭარბებით არის შესრულებული. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ყველა მიმართულებით არის საკმაოდ კარგი, დაგეგმილი პარამეტრის შესრულების ჯამური მაჩვენებელი, ხარჯვით ნაწილში არის 98,6 პროცენტი. „თავდაცვის სამინისტრომ წლის პირველ ნახევარში გაწია ხარჯი 618 მილიონ ლარამდე, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 95 პროცენტია, შსს-ს შემთხვევაში – 528 მილიონ ლარამდეა ათვისებული, რაც 95,4 პროცენტია შესრულების“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი იზრდება 431 მილიონი ლარით, საიდანაც ყველაზე დიდი წილი მიდის ჯანდაცვის სამინისტროზე და მისი დაფინანსება იზრდება 250 მილიონი ლარით.
„შსს-ს დაფინანსება გაზრდილია 40 მილიონი ლარით, აქედან 20 მილიონი ლარით დაფინანსდება მიმდინარე ხარჯები, სამინისტრო ასევე იწყებს აიტი მიმართულების განახლებას და ბიუჯეტში თანხა ამ მიმართულებითაც არის გათვალისწინებული. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, გვაქვს მატება 10 მილიონი ლარით და ეს თანხა გათვალისწინებულია ბაზების რეაბილიტაციის და მიმდინარე მშენებლობებისთვის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.