ზურაბ პატარაძემ ლორეს ოლქის დელეგაციას უმასპინძლა

02/09/2017

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე სომხეთის დელეგაციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უმასპინძლა. მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და კულტურისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე გამახვილდა. მზაობა გამოითქვა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის. ზურაბ პატარაძემ სომეხ კოლეგებს აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ფრენების გაზრდილ რაოდენობაზე, რეგიონის მთავრობის სტრატეგიაზე – იქცეს აჭარა ოთხი სეზონის დასასვენებელ მიმართულებად. რეგიონის მთავრობის თავმდჯომარემ სტუმრებს კურორტ გოდერძზე და ქობულეთში მიმდინარე სასტუმრო და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. „კურორტ გოდერძიდან ახალქალაქის მიმართულებით იწყება 45 კმ.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აჭარაში დასვენებას“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მან ასევე, ლორეს ოლქის წარმომადგენლებს სოფლის მეუნრეობის მიმართულებით არსებულ უპრეცედენტო პროექტზე – ლოჯისტიკური ცენტრების შექმნასა და მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ლორეს ოლქის გუბერნატორმა არტურ ნალბანდიანმა თავის მხრივ ლორეს რეგიონის მნიშვნელობასა და ქალაქ ვანაძორის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე სომხური ოლქი გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და თანამედროვე საინფრომაციო ტექნოლოგიების განვითარებით. ,,აჭარასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის აპსარეზი ფართოა. უკვე წლებია არსებობს თანამშრომლობა ალავერდსა და ქობულეთს, ბათუმსა და ვანაძორს, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის. რეგიონს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დაძმობილებულ ქალაქებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს” – აღნიშნა არტურ ნალბანდიანმა. აღსანიშნავია, რომ სომხეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ყოველდღიურად ხორციელდება სარკინიგზო მიმოსვლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი და მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში ესწრებოდნენ. სომხეთის სტუმრების მხრიდან ლორეს ოლქის გუბერნატორი არტურ ნალბანდიანი, ქ. ვანაძორის, ქ. ალავერდის და ქ. ახთალას მერები, ლორეს ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ეღიშე სარგსიანი ესწრებოდნენ. დღესვე, სომხეთის დელეგაციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმობის დღესასწაულს დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარეს დავით გაბაიძეს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. სომხეთის დელეგაცია აჭარას 4 სექტემბერს დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0