ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა

08/08/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, გურიის მხარის რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. მანვე ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მართვის გაუმჯობესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანია და სამინისტრო როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოცვის გაუმჯობესებისთვის, ინტენსიურად მუშაობს. მისივე თქმით, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0