გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია თანამშრომლობის ცენტრის „პოლონეთი-აღმოსავლეთი“ პრეზიდენტს, FRDL მრჩეველს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში ნატალია გმურკოვსკას (პოლონეთი), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ასოციაცია „ევრორეგიონი ბუგ“ დირექტორს გალინა გრაბარჩუკისა (პოლონეთი) და ლვოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის, მიკოლაევოს რაიონის კულტურის დეპარტამენტის დირექტორს ირინა ივანოჩკოს (უკრაინა) შეხვდა.
შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს; განიხილეს გურიის რეგიონისა და ევროპული ქვეყნების მუნიციპალტეტებს შორის განხორციელებული პროექტები, ასევე, ის ხელსაყრელი შესაძლებლობები, რომელიც ასეთი თანამშრომლობით იქმნება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტული საკითხების გამოკვეთის მიზნით, აქტიური პროცესი წარიმართება.
ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, რომ ევროპული და უკრაინული ორგანიზაციების დახმარებით, რომელთა წარმომადგენლებიც შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, მხარის მუნიციპალიტეტებთან არაერთი პროექტი განხორციელდა საჯარო მმართველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, მათ შორის, ექსპერტული დახმარებისა და პროექტებში მონაწილეობის გზით. მათ ხაზი გაუსვეს გურიის ტურიზმის სტრატეგიის მნიშვნელობას და იმ დადებით ტენდენციებს, რაც რეგიონის მაგალითზე უკვე ნათლად შესამჩნევია. შეხვედრის ბოლოს, რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს აღმოსავლეთ ევროპის ინიციატივების კონგრესზე მოწვევისა და ნაყოფიერი თანამშრომრომლობისთვის.
ზურაბ ნასარაია თანამშრომლობის ცენტრის „პოლონეთი-აღმოსავლეთი“ პრეზიდენტს შეხვდა
29/10/2019