კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სადაც ვირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებიც შტაბის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ. აღინიშნა, რომ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ე.წ. სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც ახორციელებდნენ შიდა გადაადგილებას კერძოდ, სოფლიდან – სოფელში მოძრაობა დროებით შეაჩერა. ხოლო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ასევე, მუნიციპალიტეტიდან, მუნიციპალიტეტში დამაკავშირებელი ტრანსპორტი, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. შეიზღუდა რესტორნების, კაფე-ბარების, სარიტუალო სახლების მუშაობა. სრული დატვირთვით იმუშავებს სუპერმარკეტები, აფთიაქები და ბანკები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას არ ემუქრება. რეგიონში კორონა ვირუსთან დაკავშირებით პრევენციის მიზნით, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა.
ჯამში 101 საჯარო სკოლა და 85 საბავშო ბაღი დამუშავდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სპეციალური ხსნარით დამუშავდა სპორტდარბაზი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, კულტურის სახლი, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სარეაბილიტაციო ცენტრი, სპორტული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, საზოგადოებრივი ცენტრი, აგრარული ბაზარი, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. ამჟამად გურიის რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 72 პირი იმყოფება, საკარანტინო ზონაში 18. ამ დრომდე რეგიონში კორონა ვირუსის დადასტურების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ზურაბ ნასარაიამ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
18/03/2020