ზურაბ აზარაშვილმა, პაველ ჰერჩინსკის, ჰოსპიტალურ სექტორში დაგეგმილი რეფორმა გააცნო

20/12/2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ აზარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. საუბარი შეეხო მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის დაწყებულ რეფორმებს. ასევე განიხილეს სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა და დევნილთა განსახლების პროექტი, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 13 000 ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას გულისხმობს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ შორისაა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ჯანდაცვის სისტემის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირის ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით შექმნილ 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყება, მთელ რიგ რეფორმებს, სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს. ზურაბ აზარაშვილმა, პაველ ჰერჩინსკის, ჰოსპიტალურ სექტორში დაგეგმილი რეფორმაც გააცნო, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისათვის, 2025 წლიდან, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0