ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა. იესპერ მოლერმა მწუხარება გამოთქვა შოვშვი მომხდარი ტრაგედიის გამო და ზურაბ აზარაშვილს სამძიმარი გამოუცხადა. მინისტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იესპერ მოლერს სამინისტროს საქმიანობა გააცნო და დეტალურად ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება ბავშვთა ჯანმრთელობის, თუ სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს, საქართველოსთან ერთად, ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, მკურნალობა უფინანსდებათ. ზურაბ აზარაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, საქართველოსთვის, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
ზურაბ აზარაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა
16/08/2023