საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ოპერატიულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის ქალაქ ზუგდიდში სწავლება გაიმართა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებს მავნებლის ბიოლოგია, მისი გავრცელების სპეციფიკა და ბრძოლის ღონიძიებები გააცნეს.
რეგიონული შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„პროექტი ორიენტირებულია, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას, ეფექტიანად წარმართოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარე წელს იგეგმება. ინვაზიური მავნებლის გამოჩენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. პროექტი ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში და საინფორმაციო კამპანიაში.სწვალებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.“ – განაცხადა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენელმა ნინო ინასარიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მარინე გულუას განცხადებით, „აზიური ფაროსანა სამეგრელოში 2015 წელს გამოვლინდა და გასულ წელს დიდი ზიანი მიაყება სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით თხილს. მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით, რეგიონის ფიტოსანიტარებისთვის და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებისთვის სწავლებები მიმდინარეობს,რაც ხელს შეუწყობს მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელებას,მოსავლის შებნარჩუნებას და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებას.”
გასულ წელს დასავლეთ საქართველოში ახალი მავნებლის გამოვლენისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით შეიმუშავა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას – მოსახლეობის და ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და მონიტორინგს ითვალისწინებს.
აზიური ფაროსანა ინვაზიური მავნებელია, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი აზიანებს თხილს, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს.
ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ფიტოსანიტარებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებზე სწავლება გაიმართა
13/03/2017