ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
სახელმწიფო რწმუნებულს და მინისტრის მოადგილეს, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს პროექტის მიმდინარეობა და შესასრულებელი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
14/02/2019