ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან

16/08/2022

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი) გაერთიანების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განმარტა, ამ ეტაპზე სისტემაში გარკვეული შეფერხება ფიქსირდება, შესაბამისად, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისების სისტემური განახლება. განახლების ფარგლებში, მოხდება მომხმარებლის სახელის ახალი სისტემის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც, მუნიციპალიტეტის ყველა სერვისზე იმოქმედებს ერთი მომხმარებელი, რაც მოქალაქეებისთვის სერვისების მიღებას გაამარტივებს. ამჟამად, სისტემაში გარკვეული ხარვეზებია, რომელთა სრულად აღმოფხვრამდე, პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ამასთან, მერის მოადგილემ მოქალაქეებს მოუწოდა, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ მერიის სპეციალიზებულ ცხელ ხაზს – 1399, სადაც მიიღებენ კვალიფიციურ დახმარებას მათ აღმოსაფხვრელად. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.
ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს. მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0