„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა და პროექტს მხარი დაუჭირა.
„პირი, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე უსრულდება 6 წელი უფლებამოსილია, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებით 4800 მოსწავლე შეძლებს სარგებლობას. კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს აძლევს სამართლებრივ საფუძველს მიიღონ ის ბავშვები, რომლებიც აღნიშნული პერიოდისთვის არ იწყებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას.